თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ნათქვამია რეგულატორის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მონეტა, რომლის სარეალიზაციო ფასი 75 ლარს შეადგენს, ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია.
ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში – საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საფინანსო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთელი წლის განმავლობაში იუბილესთან დაკავშირებით იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები – საჯარო ლექციები, კონკურსები, გამოფენები და ა.შ.
ღონისძიების სტუმრებს უჩვენეს დოკუმენტური ვიდეორგოლი, რომელშიც 1919 წლის პერიოდის საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი შენობის გახსნის უნიკალური კადრებია ნაჩვენები.