რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა. იტალიაში წასვლის წინ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.
ცოტა ხნის წინ მისმა Instagram-ზე გამოქვეყნებულმა „სთორიმ“ საზოგადოებას ახალი სალაპარაკო თემა მისცა. სან-ტროპედან გამოქვეყნებული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოს შემდეგ ქეთამ უკვე უცნობ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მათი მხოლოდ ხელები ჩანს, წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი გულის ესკიზი ერთვის, რომელიც მალევე წაშალა.
დღეს კი ქეთა თოფურიამ ტაბლოიდებს ახალი სალაპარაკო თემა მისცა. „მე შენ მიყვარხარ“ – ასე დაასათაურა მომღერალმა ფოტო, რომელზეც მამაკაცთან ერთადაა აღბეჭდილი, სახის ნაწილი არ ჩანს.
მომღერალი ზამთარსა და ზაფხულში უპირატესობას ზღვის კურორტებს ანიჭებს. ამ ზაფხულს ქეთამ, ტრადიციისამებრ, ჯერ საქართველოში, წყნეთში დაისვენა, სადაც საკუთარი სახლი აიშენა, შემდეგ კი იტალიის მზიან სანაპიროზე იმყოფებოდა. ქეთასთან ერთად ისვენებდა მისი ქალიშვილი ოლივია გეიხმანიც. მომღერალთან ერთად იმყოფებოდნენ ასევე მისი ქართველი მეგობრებიც.
ქეთა თოფურიამ ოლივია გეიხმანის დაბადების დღე საქართველოში ივნისში აღნიშნა. წვეულება წყნეთში გაიმართა. დაბადების დღეს ლევ გეიხმანიც ესწრებოდა, რომელთანაც მომღერალმა განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. ქეთა თოფურია და ლევ გეიხმანი 2013 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, 2017 წელს დაშორდნენ.
2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.
ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვილის დაშორების მიზეზი ღალატია – რეპერს 18 წლის ეკატერინბურგელ გოგონასთან, იანასთან ჰქონდა ურთიერთობა.
გუფი ცდილობდა რომანის შესახებ ქეთას არაფერი შეეტყო, თუმცა იანამ მოისურვა, მათი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო და რეპერის დაშანტაჟება დაიწყო. გუფმა იანასთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ამ ამბის შესახებ ყველამ შეიტყო.