თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, სადაც მრავალბინიანი კორპუსის ნგრევის საშიშროება შეიქმნა, დილიდან სპეციალისტები და 112-ის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მერვე სადარბაზოდან გუშინ 18 ოჯახი გამოიყვანეს. სადარბაზო კვლავ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და მასში გადაადგილება მხოლოდ სპეციალისტებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ.
კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე გამაგრდა რამდენიმე სართულის კიბეები. ადგილზე იმყოფებიან გამგეობის წარმომადგენლებიც.
„შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. კიბის უჯრედები გამაგრებულია შესაბამისი დგარებით. კორპუსის ჩამოშლის საშიშროება არ არის. დაიწყება საძირკვლის კვლევა, რის შემდეგაც კარკასული გამაგრება მოხდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნდება“, - აცხადებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.
ოჯახებმა, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ, ღამე სასტუმროში გაატარეს.
მაშველებმა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის #322 კორპუსში მცხოვრები ოჯახების ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან შევიდა ზარი სახლის სადარბაზოში გაჩენილი დიდი ბზარის შესახებ.
სახიფათო სადარბაზოს შესასვლელს პოლიცია იცავს.