თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ და პარაგვაიმ უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.
„მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება, კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.
საქართველოსა და პარაგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 9 მარტს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში.