თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თურქეთში მიმდინარეობს საერთაშორისო ტრენინგი იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საომარ მოვლენებს აშუქებენ, იუწყება პირველი არხი.
საერთაშორისო ტრენინგი თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა (TİKA) და ანატოლიის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სწავლების თეორიული ნაწილი ანკარაში, ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს სათავო ოფისსა და პოლიციის აკადემიაში ტარდება, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – საველე პირობებში.
სწავლებაში მონაწილეობს 25 ჟურნალისტი საქართველოდან, უკრაინიდან, სლოვენიიდან, ხორვატიიდან, ბოსნიიდან, საბერძნეთიდან, ავღანეთიდან, სირიიდან, ერაყიდან, ვენესუელიდან, კოლუმბიიდან, ალჟირიდან, ეთიოპიიდან, ნიგერიიდან, სიერა-ლეონედან, სამხრეთ აფრიკიდან, მიანმიდან, შრი-ლანკიდან, ფილიპინებიდან.
საქართველოდან ტრენინგებში პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი მონაწილეობს.
ტრენინგი მიზნად ისახავს, ჟურნალისტებს გააცნოს საომარ და კრიზისულ ვითარებაში უსაფრთხოდ მუშაობის ხერხები, საკუთარი თავისა და მასალის გადარჩენა, ასევე სამედიცინო დახმარება და კიბერუსაფრთხოება.