თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს შეხვდა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე გაცვალეს აზრები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილია. ორ ქვეყანას შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს.