თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მწვრთნელის შოთა არველაძის თავკაცობით ტაშკენტის „პახტაკორი“ უზბეკეთის საფეხბურთო პირველობის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი მე-12-ჯერ გახდა.
მეოცე ტურში „პახტაკორმა“ ანგარიშით 2:1 გასვლაზე მოუგო „მეტალურგს“ და უახლოესი მეტოქეებისთვის მიუღწეველი გახდა. ტაშკენტის კლუბის აქტივში 56 ქულაა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „ლოკომოტივს“ 37 ქულა აქვს.
არველაძისათვის „პახტაკორის“ ჩემპიონობა პირველი ტიტულია, რომელიც მან უზბეკეთში მოიპოვა. გასულ წელს ქართველი სპეციალისტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასის ფინალში დამარცხდა. წელს კი არველაძეს კიდევ აქვს „ოქროს დუბლის“ შანსი, რადგან „პახტაკორი“ უზბეკეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ AZ-ში (Alkmaar Zaanstreek) ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო. ინდივიდუალური კარიერა 2010 წელს თურქეთში დაიწყო, მუშაობდა სამ კლუბთან: „ქაისერსპორი“, „ქასიმფაშა“ და „ტრაბზონსპორი“. ქართველი სპეციალისტის კარიერაში შემდეგი ეტაპი გახდა თელ-ავივის „მაკაბი“, შემდეგ კი, 2017 წელს არველაძე „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში.
შოთა არველაძის საუკეთესო გოლების ტოპ-10 >>
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ყოფილი თავდამსხმელის ანგარიშზე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 26 გატანილი გოლი ირიცხება.