თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ოპერის მომღერალი, ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა, გერმანიის ქალაქ ესენის საოპერო თეატრში წლის საუკეთესო საოპერო შემსრულებლად აღიარეს, წერს არტისტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
გერმანელმა თეატრალურმა კრიტიკოსებმა ლაგვილავას გადასცეს პრიზი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელოს“ თანამედროვე ინტერპრეტაციაში იაგოს პარტიის ბრწყინვალე შესრულებისთვის.
დადგმის რეჟისორი იყო პოპულარული გერმანელი რეჟისორი, რონალდ შვაბი, რომელიც ბერლინში მოცარტის ოპერა „დონ ჟუანის“ სკანდალური ვერსიით არის ცნობილი. კრიტიკოსებმა ის ასევე საუკეთესო რეჟისორად აღიარეს.
ნიკოლოზ ლაგვილავა არის სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ვოკალური ხელოვნების კლასით. 2005 წელს ლაგვილავამ მასტერკლასები გაიარა ცნობილ მეცო-სოპრანოსთან, ვერენა კელერთან. შემდეგ ქართველმა ბარიტონმა სწავლა განაგრძო მილანში, ლა სკალას თეატრთან არსებულ ახალგაზრდა მომღერალთა აკადემიაში. 2003 წლიდან არის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სოლისტი. თანამშრომლობს მსოფლიო საოპერო თეატრებთან.