თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. საქართველომ რუსეთის ფედერაციას ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი დღეს, დილით გადასცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
რუსი ჰაკერი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს >>
რამზან ახიადოვს რუსეთი ტერორისტულ დანაშაულში (ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდები 2013-2015 წლებში) სდებდა ბრალს და ინტერპოლით ეძებდა.
„ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, მათ რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში.
„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის, თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტი, ჩვენი მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის, იყო პრიორიტეტი და არის, ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველომ რუსეთს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გადასცა >>
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექსტრადირებით არ დარღვეულა არანაირი სტანდარტი, რომელიც სტრასბურგმა დააწესა.
რამზან ახიადოვის ადვოკატის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს, თუმცა ახიადოვი ბრალდებას მოგონილს უწოდებს და უარყოფს.