სოფიამ კორეული ენის ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც მოიპოვა სრული დაფინანსება სამხრეთ კორეის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. ამით მან ბავშვობის ოცნება აიხდინა და კორეაში მალევე გაემგზავრა. ამჟამად სოფო მაგისტრატურას გადის, ამასთან ასწავლის ბაღსა და სკოლაში ინგლისურ ენას. ასევე მუშაობს მსახიობად ტელევიზიაში. პარალელურად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გადაღებებში. როგორ მოხვდა კორეაში, რა გზა გაირა, სანამ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრებას შეძლებდა და როგორ შეიცვალა სოფოს ცხოვრება ამ პერიოდის განმავლობაში, ის თავად მოგვიყვება.
- უნივერსიტეტში მესამე კურსზე როცა ვიყავი, ჩატარდა კავკასიის რეგიონში კორეულ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი, სადაც გავიმარჯვე. ამ გამარჯვებამ მომცა შანსი, მომეპოვებინა სრული დაფინანსება სამხრეთ კორეის ერთ-ერთ წამყვან, ჩონბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ვსწავლობ კორეული ენის ფილოლოგიას, მაგისტრატურას გავდივარ და დამრჩა მხოლოდ საკურსო ნაშრომის ჩაბარება, თითქმის დავამთავრე.
- ალბათ მარტივი არ იყო სრულიად უცხო ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანაში თავის დამკვიდრება, უცხო გარემოსთან შეგუება. მოგვიყევით როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება და როგორ გადალახეთ სირთულეები?
- ყველაზე დიდი ბარიერი სამხრეთ კორეაში არის ენის არცოდნა. თუ ენა იცი, შედარებით მარტივია თავის დამკვიდრება. თუმცა, კორეელები ძალიან ჩაკეტილი ხალხია და უცხოელებს ადვილად არ ეხსნებიან. მე კორეულ ენაზე გამართულად ვლაპარაკობ, მაგრამ ენის ცოდნასთან ერთად ხასიათიც ძალიან დამეხმარა. ანუ, კორეელებს ხალისიანი და ბეჯითი ხალხი უყვართ, ნათელი აურის მქონე ადამიანები იზიდავთ. მეც, კორეელებივით, ფუტკარივით ვარ. საქმის კეთების დროს წუწუნი არ მიყვარს და სამუშაო საათებს რომც გადაცდეს, სანამ საქმეს არ მოვრჩები, ადგომა არ მჩვევია. ხშირად მეუბნებიან კორეელები, რომ მე ამ თვისების გამო აქ უნდა ვიცხოვრო. ამბობენ, იმდენად რთულია კორეულ სამუშაო გარემოს ფეხი აუწყო, რომ თუ ადამიანი ამას შეძლებს, აქ ბევრ წარმატებას მიაღწევსო. მეც ჩემი ბედი უნდა ვცადო...
- როგორ შეგაყვარათ კორეამ თავი?
- კორეა ჯერ კიდევ მეათე კლასში შემიყვარდა, კორეული ფილმებიდან. ფილმებიდან მუსიკის მოსმენა დავიწყე, შემდეგ სერიალების ყურება და ასე გადავვარდი კორეულ სამყაროში. თან დავიწყე ოცნება კორეაში წასვლასა და ცხოვრებაზე, თუმცა ქუთაისიდან ეს ოცნება ნამეტანი შორი და რთული ჩანდა.
- კორეელ ხალხზე რას გვეტყვით, რით არიან გამორჩეული?
- კორეელები ძალიან თბილები არიან, უყვართ უცხოელები. მაგრამ ყველაზე სახასიათო რაც აქვთ, არის შრომისმოყვარეობა, ფუტკრებივით არიან. საათობრივი განაკვეთით მსოფლიოში ყველაზე მეტს მუშაობენ, სამსახურს უკავშირებენ ყველაფერს და ამის ირგვლივ ტრიალებს მათი ცხოვრება. კორეა საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა და ცხოვრების ძალიან მაღალი დონეა, ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი. ამავე დროს უსაფრთხო გარემოა.
- ალბათ არაერთმა ტრადიციამ და კანონმა გაგაოცათ. მოგვიყევით მათი განსხვავებული ტრადიციების და კულტურის შესახებ...
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გახსნილი და თავისუფალი აზროვნების ხალხია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ „იმიჯს“ და იმას, თუ რას იტყვიან სხვები. ამიტომ ყოველთვის მკაცრად მოწესრიგებულად გადიან გარეთ, აქვთ უამრავი წესი, თუნდაც, სუფრასთან, სამსახურში. ეს იმდენად დიდი თემაა, ძალიან გამიგრძელდება. მოკლედ რომ გითხრათ რამდენიმე უცნაური წესი, რაც გამიკვირდა, იყო ის, რომ სამსახურში წვერის ტარება არ შეიძლება და დეკოლტე ითვლება ძალიან ვულგარულად. ამიტომ დეკოლტეს, მაგალითად, სამსახურში ჩაცმა კატეგორიულად არ შეიძლება. ასევე ლიფის ზორტი თუ გამოგიჩნდა, ქუჩაშიც კი ყველა თვალს გამოგაყოლებს.
- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ, სად სწავლობთ, სად მუშაობთ და ამ ყველაფერს როგორ უთავსებთ ერთმანეთს?
- ამჟამად ვწერ სამაგისტრო ნაშრომს, პარალელურად ვასწავლი ბაღსა და სკოლაში ინგლისურს. ასევე ვმუშაობ მსახიობად (მოდელად) ტელევიზიაში. პარალელურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებებში, აქამდე რადიოშიც ვმუშაობდი ნახევარი წელი.
- საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
- სახლი, ბებო და მეგობრები...
- თქვენი დაც თქვენთან ერთადაა. ალბათ მისი გვერდით ყოფნა მონატრებას გიმსუბუქებთ...
- კი, ჩემი და ჩემი ჩამოსვლიდან ერთი წლის თავზე ჩამოვიყვანე. კორეა ჩემ დასაც შევაყვარე, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მე თბილისში ვიყავი, ის ქუთაისში დარჩა, იქ ჩააბარა უნივერსიტეტშიც. უნივერსიტეტი არ მოსწონდა და ფაკულტეტი რამდენჯერმე შეიცვალა. მოკლედ, უკმაყოფილო იყო და ამის გამო ხშირად მოსდიოდა ბებოსთან დავა. მე უკვე კორეაში ვცხოვრობდი. ბოლოს გადაწყდა, რომ მე ჩამოვიყვანდი აქ, ჩემთან და ერთად გავაგრძელებდით კორეაში ცხოვრებას.
- ძალიან პოპულარული ხართ სოციალურ ქსელში. რატომ გადაწყვიტეთ ფეისბუქ-გვერდის შექმნა და რაში გეხმარებათ ამ გვერდის არსებობა?
- მე თვითონ, როცა კორეაზე ბევრი რამე მაინტერესებდა, ენის ბარიერის გამო უამრავ საჭირო ინფორმაციაზე არ მიმიწვდებოდა ხელი და ვდარდობდი. დავპირდი საკუთარ თავს, რომ ჩავალ, მე ყველაფერს გამოვაქვეყნებ, ბევრ ფოტოს გადავიღებ და ვისაც კი კორეაზე რამის ცოდნა და გაგება მოუნდება, დავეხმარები–მეთქი. რეალურად, რომ ჩამოვედი, ბევრმა მიპოვა პირად გვერდზე და მწერდნენ სხვადასხვა კითხვებით. ცალ-ცალკე პასუხი ძალიან მიჭირდა (დღემდე მიჭირს) დატვირთული გრაფიკის გამო და გადავწყვიტე ჩამეწერა საერთო ვიდეო და ამეტვირთა კორეული კულტურის გულშემატკივრებისთვის. არასდროს მითხოვია არც გვერდის მოწონება და არც გაზიარება, რადგან ჩემი მიზანი პოპულარობა და გასართობი ვიდეოების ჩაწერა არ ყოფილა. გვერდი, პირველ რიგში, ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც (როგორც მე მეათე კლასში) ოცნებობს კორეაში მოგზაურობაზე ან ცხოვრებაზე. არ ვიცი როგორ, ბუნებრივად შემოიკრიბა ხალხი და დაიწყეს ვიდეოების ყურება ისეთმა ადამიანებმაც კი, რომელთაც კორეის შესახებ აქამდე არც კი სმენიათ. თავიდან ვიფიქრე, გვერდს გავაუქმებ და ჯგუფს შევქმნი–მეთქი, რადგან ეს შემოკრებილი ხალხის რაოდენობა მაშინებდა და ის ფაქტიც, რომ დღეს ინტერნეტ-სივრცეში ერთმანეთის ჭამისა და კრიტიკის მეტი არაფერი ხდება. არ მინდოდა მეც ამის ობიექტი გავმხდარიყავი, რადგან ხალხს შეიძლება ჰგონებოდა, რომ მეც ერთ-ერთი უსაქმური გოგო ვარ, ინტერნეტის საშუალებით პოპულარობა რომ მოუნდა. დღეს 123 ათასი ხელმომწერი მყავს და რამდენიმე ვიდეო მილიონ ნახვამდეც ავიდა. ამ დროს მხოლოდ რამდენიმე ნეგატიურ კომენტარს თუ ნახავთ. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენ გვერდზე ეს მართლა ხდება. უამრავი დიდი წერილი და სამადლობელი ტექსტი შემოდის, გვეფერებიან ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამან გული ისე გამითბო, გადავწყვიტე გამეგრძელებინა ჩემი ჩანაწერები (თუმცა ნეგატიური კომენტარებისა და კრიტიკის დღემდე მეშინია).
- და, ბოლოს, რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც კორეაში სურს მუშაობა, სწავლის გაგრძელება, როგორ უნდა მოიქცნენ, რა ზომებს უნდა მიმართონ?
- ბევრს ჰგონია, რომ კორეაში სწავლის გასაგრძელებლად ან ჩამოსასვლელად კორეული ენის სწავლა ან ცოდნაა საჭირო და ეს არის ყველაზე დიდი წინაპირობა. სამწუხაროდ, საქმე ამაზე ცოტა რთულადაა, რადგან ჩვენ კორეასთან უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს და კორეელები ვიზას ადვილად არ იძლევიან. ყველაზე მარტივი ვიზის ტიპი არის სტუდენტური ვიზა, რომლის აღებაც შეგიძლიათ მაშინ, თუ წინასწარვე ჩარიცხავთ სწავლის საფასურს – რამდენიმე ათას დოლარს. კორეაში ცხოვრებაც ძალიან ძვირი ღირს და ენის ცოდნისა და კონტრაქტის გარეშე სამსახურშიც არავინ აგიყვანთ. ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ერია. კანონის ძალიან დიდი შიში აქვთ და არალეგალურად ჩამოსულს და ა.შ. ძალიან უფრთხიან, დიდი ალბათობით გიჩივლებენ კიდეც. მაშინ რა უნდა ვქნათ? არსებობს სხვადასხვა დაფინანსებები, რომელზეც ვილაპარაკე ჩემ სულ პირველ ვიდეოში. აქ საუბარია სწორედ იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება მოხვდეთ კორეაში.