მსოფლიოში ერთადერთი ტყუპი კლარნეტისტების დუეტი თბილისს ეწვევა

გამოწერა
ძმები გურფინკელები თანამედროვე სამყაროში საუკეთესო კლარნეტისტებად ითვლებიან.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისის" ფარგლებში მსოფლიოში სახელგანთქმული კლარნეტისტი ტყუპი ძმები ალექსანდრ და დანიელ გურფინკელები (ისრაელი) თბილისში კონცერტს 19 სექტემბერს გამართავენ.

ძმები გურფინკელები 1992 წელს მუსიკალურ ოჯახში დაიბადნენ. მათი ბაბუა არკადი გურფინკელი ასევე ცნობილი კლარნეტისტია, მამა მიხაილ გურფინკელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კლარნეტისტია და ხელმძღვანელობს ისრაელის სიმფონიურ ორკესტრსა და ისრაელის ოპერას.

მუსიკოსები თბილისს მამასთან ერთად ეწვევიან. ტრიო შეასრულებს ივან ეროდისა და ევგენი ლევიტასის ნაწარმოებებს.

საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
„შემოდგომის თბილისი“ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს შეკრებს

მეორე განყოფილებაში ისრაელელი არტისტები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (ვახტანგ კახიძის დირიჟორობით) შეასრულებენ ჰექტორ ბერლიოზის ლეგენდარულ „ფანტასტიკურ სიმფონიას".

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" საქართველოს დედაქალაქში 15 სექტემბერს გაიხსნა.

22 სექტემბერს სცენაზე ხალხური სიმღერის ანსამბლი „დიდგორი" 15 წლის იუბილეს კონცერტით აღნიშნავს. საიუბილეო კონცერტზე ანსამბლის მონაწილეები შეასრულებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სიმღერებს.

25 სექტემბერს ფესტივალის სტუმრებს ლატვიური ანსამბლის „ლატვიის ხმების" კონცერტი ელოდებათ. 28 სექტემბერს კი მსმენელის წინაშე წარდგება თანამედროვეობის ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც პეტრე ჩაიკოვსკისა და იგორ სტრავინსკის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" ტრადიციული ღონისძიება გახდა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან ტარდება. ფესტივალის დამაარსებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.

ყველა ახალი ამბავი
0