ცხრა წლის „ქართველი მოცარტი" თბილისში კონცერტს გამართავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliცოტნე ზედგინიძე
ცოტნე ზედგინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის მთავარი აღმოჩენაა ცოტნე ზედგინიძე, რომელიც წარმატებულ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ცხრა წლის კომპოზიტორისა და ვირტუოზი პიანისტის ცოტნე ზედგინიძის კონცერტი, რომელსაც უკვე უწოდებენ ქართველ მოცარტს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 1 ოქტომბერს გაიმართება.

კონცერტი ბავშვის უფლებების კონვენციის მიღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება. იუნისეფის ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდებიან ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.

საღამოზე გაჟღერდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ჯონ ადამსის, ნიკოლოზ რაჭველისა და თავად ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოებები. კონცერტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

ცოტნე 2019 წლის მთავარი აღმოჩენა გახდა. სწორედ ნიკოლოზ რაჭველმა შეარქვა ცხრა წლის ცოტნეს „ქართველი მოცარტი". ვუნდერკინდი უნიკალურ ნაწარმოებებს ადრეული ასაკიდან ქმნის.

პედაგოგთან მეცადინეობა ცოტნემ ხუთი წლიდან დაიწყო. მთლიანი აკადემიური კლასიკური რეპერტუარი მან დაჩქარებულ რეჟიმში გაიარა. კლასიკური მუსიკის გარდა უყვარს უილიამ შექსპირის პიესები, რომლებიც, კომპოზიტორის სიტყვებით, მას შთააგონებენ.

ბავშვის უფლებების კონვენცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. კონვენცია 54 მუხლისგან შედგება, რომლებიც მოზარდი თაობის ძირითად უფლებებს – სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს განმარტავს.

ყველა ახალი ამბავი
0