თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ქალაქ ტოკუსიმაში იმყოფება, იაპონური კლუბი „ჰონდა ჰიტის" მოედანზე ღია ვარჯიში ჩაატარა.
იაპონური ტოპ-ლიგის წარმომადგენლებთან ვარჯიში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნითი ეტაპის ნაწილია. ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება.
ღია ვარჯიშმა იაპონელების დიდი ინტერესი გამოიწვია, რომლებიც ქართულ ნაკრებს გულშემატკივრობენ. ბევრი ქომაგი ვარჯიშზე თავის ოჯახთან ერთად მივიდა. ვარჯიშის შემდეგ ყველაზე ერთგული გულშემატკივარი დაჯილდოვდა – ქართველმა მორაგბეებმა თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფ-სესია ჩაატარეს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მინდორი, რომელზეც ვარჯიში ჩატარდა, ირგვლივ მოფენილი იყო საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი პლაკატებით, ბანერებითა და დროშებით.
საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამჟამინდელ სეზონში მილტონ ჰეიგის გუნდი გამოვა D ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებები. პირველ მატჩს საქართველო 23 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავს. თამაში ქალაქ ტოიოტაში გაიმართება.