„ფორსაჟი" ინაცვლებს: თბილისი-მანგლისის გზა იკეტება

გამოწერა
საქართველოში ფილმის გადაღებები 20 სექტემბერს დასრულდება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღებებთან დაკავშირებით თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის მონაკვეთი 17-18 სექტემბერს ჩაიკეტება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია თავისუფლების მოედანზე - Sputnik საქართველო
„ფორსაჟი 9“: თავისუფლების მოედანზე შეზღუდვები წესდება – ახალი გრაფიკი

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. კინომწარმოებელი კომპანია Universal-ი ხუთწუთიან ეპიზოდებს იღებს ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

„17 და 18 სექტემბერს 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(პანტიანი)–მანგლისის საავტომობილო გზის 4-7 კმ მონაკვეთი დროებითი ჩაიკეტება. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება", – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0