თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოცხადდა პროკურატურაში და ხელი მოაწერა ოქმს, რომელიც მას სასამართლოს მიერ დადგენილი აღკვეთის ზომის ხელმეორე დარღვევის შედეგებზე აფრთხილებს.
დაუმორჩილებელი დეპუტატი მელია პროკურატურაში დაიბარეს>>
20 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებული დეპუტატი ტელეკომპანია „კავკასიაში" ინტერვიუს მისაცემად მივიდა. პროკურატურის განცხადებით, მელიამ ეს დემონსტრაციულად გააკეთა.
„მივიღე გაფრთხილება, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი ღონისძიება იქნება ჩემ მიმართ გამოყენებული. ეს არის პატიმრობა. მე იქვე დავაფიქსირე საბოლოო პოზიცია, რომ ყველა ტელეეთერში მისვლას ვაპირებ“, – განუცხადა ნიკა მელიამ პირველ არხს.
მან აღნიშნა, რომ კონსტიტუცია მას ამომრჩეველთან ურთიერთობის უფლებას აძლევს.
მოვლენების შესაძლოა განვითარების იურიდიულ დეტალებზე მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ისაუბრა.
„ოქმში ჩავწერეთ შენიშვნაც. თუ პროკურატურა აპირებს, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს მელიას ტელევიზიაში მისვლის მოტივით, საგამოძიებო ორგანო ჯერ უნდა მივიდეს პარლამენტში, დაპატიმრებაზე მიიღოს დეპუტატების ნებართვა, რასაც, ჩემი აზრით, ვერ მოიპოვებს, ხოლო ამის შემდეგ წავიდეს შუამდგომლობით სასამართლოში“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
ივლისის ბოლოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დეპუტატს ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
მელია VS პროკურატურა: სააკაშვილის თანამებრძოლმა სასამართლოს აკრძალვა დაარღვია>>
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.