მოზარდობისას იცვლება სხეული, მისი ზომები, ფორმები, იცვლება კანის სტრუქტურა. ეს ფაქტი ხშირად საკუთარ თავთან გაუცხოებას განაპირობებს, თითქოს მოზარდი სხვა სხეულში გადასახლდა.
როდის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს მშობელმა, ამის შესახებ მიხეილ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსა და კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს.
- პუბერტატის, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი ერთ-ერთი რთული და უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. ამ დროს იმდენად სწრაფად იცვლება მოზარდის სხეული, ემოციური თუ სოციალური სფერო, რომ ზოგ შემთხვევაში ვერც მოზარდი და ვერც მშობელი ვერ ასწრებს სათანადო ადაპტაციას.
არსებობს ოთხი აუცილებელი საკითხი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს:
პუბერტატის ასაკი – მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა და პროგრესირება გოგონებში ნორმად ითვლება 10,5–11 წლიდან, ვაჟებში კი 11.5–12 წლიდან.
სწორი პუბერტატის შემთხვევაში პირველი ნიშანი გოგონებში არის მკერდის ზრდა, ვაჟებში კი სათესლე ჯირკვლების, შემდგომ უკვე ბოქვენსა და იღლიაში გათმიანება.
ხშირად ამ ასაკში მშობლებს აღარ ეძლევათ საშუალება თვალყური ადევნონ შვილებს ბანაობის ან გამოცვლის დროს და აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია მალევე არ გახდეს მათთვის თვალსაჩინო.
არსებობს სხვა, არაპირდაპირი, თუმცა ასევე კარგად დამახასიათებელი ნიშნები: სპეციფიკური, უკვე მოზრდილისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო ოფლის სუნი, კიდურებზე თმიანობის მატება, გამუქება, სახეზე შავი წერტილები და აკნეს ტიპის გამონაყარი, ხმის ტემბრის შეცვლა, სიმაღლეში სწრაფი ზრდა და ა.შ.
- რას უნდა მიაქციოს ამ დროს მშობელმა ყურადღება?
- აუცილებელია მშობელი იყოს ყურადღებით და არ გამოეპაროს აღნიშნული ნიშნები, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დაწყება რვა წლამდე გოგონებსა და ცხრა წლამდე ვაჟებში ითვლება ნაადრევად და საჭიროებს მდგომარეობის შეფასებას ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად ითვლება ჭარბი წონა, განსაკუთრებით გოგონებში.
დაგვიანებულად ითვლება, თუ სქესობრივი მომწიფების ნიშნები (გოგონებში მკერდის ზრდა ხოლო ვაჟებში სათესლე ჯირკვლების) არ არის გამოხატული გოგონებში 13 წლის ასაკისთვის, ვაჟებში კი 14 წლის ასაკში.
აღნიშნულ შემთხვევაშიც აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
- რამდენი ხანი გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდი?
- სქესობრივი მომწიფების პერიოდი 2-2.5 წელი გრძელდება და სხეულის დრამატული ცვლილებებით, სიმაღლეში სწრაფი ზრდით და ხშირად ემოციური ლაბილურობით ხასიათდება. სასურველია მოზარდებს აღნიშნული ნიშნების დაწყებისთანავე მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია სქესობრივი მომწიფების და პირადი ჰიგიენის შესახებ.
მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის სიმაღლეში ზრდას, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დასრულებისთანავე სიმაღლეში აქტიური ზრდა დასრულებულია.
თუ მოზარდი განსაკუთრებით ტანდაბალია თანატოლებთან შედარებით, არ იზრდება სათანადო ტემპით (სქესობრივი მომწიფების ასაკამდე წელიწადში 5-6 სმ, ხოლო მომწიფების პერიოდში – 10-13 სმ), აუცილებელია მიზეზების დადგენა და შესაბამისი ჩარევა სქესობრივ მომწიფებამდე.
რა თქმა უნდა, მითია და არასწორია სიმაღლეში ზრდის იმედი 25 წლამდე რომ გვქონდეს. სიმაღლეში ზრდის დასრულებას კონკრეტული ასაკი კი არა, სქესობრივი მომწიფების დასრულება განაპირობებს.
- რა ჩვენებები ახასიათებს გარდატეხის ასაკს?
- „ასაკობრივი“ ჩივილებიც ხშირ შემთხვევაში მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება. დიახ, მოზარდები პუბერტატის ასაკში არიან ემოციურად ლაბილურები, ხშირად ეცვლებათ ხასიათი, გემოვნება, ბევრს წუწუნებენ, შედარებით მოუქნელები არიან, სძინავთ დიდხანს და ა.შ., თუმცა სხვადასხვა ავადმყოფური ნიშნის ასაკობრივი ცვლილებებისთვის გადაბრალება არ არის სწორი.
ამიტომ თუ მოზარდს აქვს ხშირი გულის წასვლა, თავის ტკივილი, წონაში სწრაფი კლება ან მატება, კიდურების ტკივილი, დეპრესიის მოვლენები, კვებითი ქცევის მკვეთრი ცვლილება, ჭარბი აგრესია ან გამოხატული სისუსტე და ა.შ., აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის მიერ შეფასება.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად უგულებელყოფილი საკითხია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა.
ამ ასაკში ხდება ძვლის სიმკვრივის 80 პროცენტის დაგროვება, კუნთოვანი მასის ფორმირება, შესაბამისად, კალციუმით მდიდარი საკვები და D ვიტამინის ადეკვატური დონის უზრუნველყოფა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ასევე ცილით, რკინით, იოდით, ვიტამინებით და უჯრედისით მდიდარი საკვები.
ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობა სპორტის თუ ცეკვის სახით უნდა იყოს მინიმუმ ერთი საათი მაინც, „ეკრანული დრო“ – მაქსიმუმ ორი საათი. უნდა მოერიდონ ქიმიურ დამბინძურებლებს.
და, ბოლოს – ძილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონები ღამით, მშვიდი ძილის დროს გამომუშავდება. 8-9 საათი შეუწყვეტელი ძილი ასევე ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სწორი პუბერტატის და სიმაღლეში ზრდის უზრუნველსაყოფად.