თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელზეც გასართობი ცენტრი უნდა აშენებულიყო, აუქციონზე 23 მილიონ ლარად გაიყიდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კორტები და სპორტული დარბაზები: თბილისში დიდ კომპლექსს აღადგენენ>>
„ჩვენ გვინდა აქ განვავითაროთ პროექტი, რომელიც იქნება გლდანისთვის, მუხიანისთვის, თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი. ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია გამოტანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ინდუსტიული ქალაქი". ეს კონკრეტული ადგილი, რადიოქარხნის ტერიტორია 23 მილიონ ლარად გაიყიდა", – განაცხადა კალაძემ.
„ინდუსტრიული ქალაქი" დააფუძნა კომპანია „სითი ლოფტმა", რომელსაც ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორიცაა სასტუმრო-გასართობი კომპლექსი Fabrika, რესტორანი და სასტუმრო Stamba, სასტუმროების ქსელი Rooms და სხვ.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებთ და არა მხოლოდ იმ რაიონებისთვის, რომლებიც მე ჩამოვთვალე, არამედ დედაქალაქისთვის იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი... როგორც წინასაარჩევნოდ დაგპირდით, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი არა მხოლოდ ახალგაზრდობისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანებისთვის", – აღნიშნა კალაძემ.
მისი განცხადებით, გასართობი კომპლექსის კონცეფცია განავითარა საერთაშორისო კომპანია Colliers-მა. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცე, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო და სპორტული სივრცეები, აუზი, დასასვენებელი ადგილი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, საბავშვო მინი-ქალაქი, მეცნიერების მუზეუმი და ა.შ.