თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანის მონაწილეობით პარლამენტთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვიციანმა მრავალრიცხოვანი ჟურნალისტებისა და ოპერატორების თანდასწრებით აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომლებიც პარლამენტის შენობიდან გამოსულ დეპუტატს სტვენით დახვდნენ. ამასთან, კვიციანი შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მათ, რაშიც პოლიციამ შეძლებისდაგვარად შეუშალა ხელი. დეპუტატი პოლიციასაც უყვიროდა და სთხოვდა მისთვის ხელი არ შეეშალათ.
საბოლოოდ პოლიციამ დეპუტატი ავტომობილში ჩასვა და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნოდარ რუხაძემ პარლამენტს კვიციანისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისკენ, შსს-ს კი დეპუტატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდა, რამეთუ დეპუტატმა უბრალო მოქალაქეებზე ხელი აღმართა.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო.
„გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", -აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან.
კვიციანის პარტიამ ადრე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, რამდენადაც მათ გახარიას სამთავრობო პროგრამა არ მოსწონთ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოდან გამოსულ დეპუტატს აქციის მონაწილეები სტვენით დახვდნენ.
„პატრიოტთა ალიანი" ეს არის პარტია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეა და რომლის დეპუტატებიც პერიოდულად მიემგზავრებიან მოსკოვში და რუს დეპუტატებთან მართავენ შეხვედრებს. რაც შეეხება დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ისინი ანტირუსული ლოზუნგებით აქციებს სისტემატურად მართავენ.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 8 სექტემბერს, 16:00 საათზე საკუთარ მომხრეებს სპორტის სასახლეში ელოდება, ხოლო ქუჩის აქციების დაწყებას კი რესპუბლიკის მოედანზე 15 სექტემბრიდან აანონსებს.