თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. შეწყალების აქტმა პრეზიდენტისა და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელდა პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე.
ცოტა ხნის წინ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის აღმოჩნდა 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო გასამართლებული რამაზ დევაძეც. ამან ოპოზიციისა და რიგითი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც პასუხი მოითხოვეს ზურაბიშვილისგან. პოლონეთში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ საზოგადოებას პასუხს თბილისში დაბრუნების შემდეგ გასცემდა.
„როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი. შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება“, — ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტის თქმით, მისთვის ქვეყანაში დაბრუნებისთანავე გახდა ცხადი ის ვნებათაღელვა, რომელიც მის მიერ „სრულიად გულწრფელად“ მიღებულმა შეწყალების აქტმა გამოიწვია.
„ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტისა და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი“, — წერია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა, იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი „სამწუხარო აცდენა“, არ განმეორდეს, აყენებს პრინციპულ ინიციატივას, რათა დაჩქარდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დაიხვეწოს შეწყალების გამოყენების უფლება. მისი აზრით, ეს ყოველივე შეამცირებს ისეთ სამწუხარო რისკებს, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლავს.
სალომე ზურაბიშვილი ასევე განმარტებას აკეთებს პოლიციის ინსტიტუტის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ და ამბობს, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება სწორედ პოლიციელების ერთგულებასა და თავდადებას ეფუძნება.
„ამიტომ, თუ ჩემი გადაწვყეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, — წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი 2014 წლის 27 დეკემბერს მოკლეს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში. გამოძიების მონაცემებით, მასა და დევაძეს შორის, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც დევაძემ პოლიციელს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავში ესროლა. მუკბანიანი ადგილზე გარდაიცვალა.
2015 წლის სექტემბერში დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. საპატიმროდან ის ის რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე.