თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სია სრულყოფილი გახდება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა, რომელიც ორშაბათიდან მოვალეობის შემსრულებელია.
ყოველი არჩევნების წინ ამომრჩეველთა სიების თემა ყველაზე მეტად განიხილება. 2014 წლიდან საქართველოში ამ სიებს თან ერთვის მოქალაქეების ფოტოები და ის ეყრდნობა ბიომეტრიულ დოკუმენტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს პრინციპი „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა" და საარჩევნო უბნებზე გამორიცხოს „კარუსელი".
„ამომრჩეველთა სიაში ახლა 3 561 126 ადამიანია, აქედან დაზუსტებულია და შეიძლება უტყუარად ჩაითვალოს 3 115 296 ამომრჩევლის მონაცემები. ეს არის მონაცემები, რომელთა გაყალბებაც არ შეიძლება, რამდენადაც ისინი ბიომეტიულ მონაცემებს ეყრდნობა", – განაცხადა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საარჩევნო სიიდან დაახლოებით 8,6 ათასი გარდაცვლილი მოქალაქე ამოიღეს.
„ეს სამუშაო გაგრძელდება, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიები კიდევ უფრო დაზუსტდეს", – აღნიშნა წულუკიანმა.
2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე ამომრჩეველთა საბოლოო სია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იქნება წარმოდგენილი.
2012 წელს საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წულუკიანი მთავრობის შემადგენლობის ერთადერთი მუდმივი წევრია. იგი, მთავრობის კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, მოვალეობის შემსრულებელი კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გახდა. კვირას პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.