თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ქსელში გამოჩნდა ორი ქალის სიყვარულსა და მეგობრობაზე გადაღებული ქართული ფილმის „კომეტები" ოფიციალური ტრეილერი. რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოში (კანადა) 44-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
ერთ-ერთი დიდი საერთაშორისო კინოფესტივალი 5-15 სექტემბერს ჩატარდება. ფილმი „კომეტები" ნაჩვენები იქნება ახალ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენა".
ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჟიურის შეხვედრა რეჟისორებთან, ასევე სესიები კითხვა-პასუხის ფორმატში.
„კომეტები" მოგვითხრობს საშუალო ასაკის ორი ქალის მეგობრობაზე, რომლებიც წლების შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს სახლში, სადაც ოდესღაც არდადეგებს ერთად ატარებდნენ.
ძველ მეგობრებს შორის დაძაბულობა იქმნება, რომელიც სახლში ერთ-ერთი გმირის წამოზრდილი ქალიშვილების ყოფნით მწვავდება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ნინო კასრაძე და ქეთევან გეგეშიძე.
ფილმი გადაღებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. პროექტმა კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. სურათის პროდიუსერის თეკლა მაჭავარიანის თქმით, ფილმის გადაღება შვიდ დღეში მოხერხდა.
თამარ შავგულიძე – რეჟისორი და სცენარისტი, 1980 წელს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ფილმებზე „პირველი დღე", „დაბადებულები საქართველოში", Tbilisi, I love you და სხვ.
ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი Toronto International Film Festival 1976 წელს დაარსდა, რომლის მიზანია კინოს ხელოვნების წახალისება და მთელი მსოფლიოდან გამოჩენილი ფილმების წარდგენა. შერჩევისას უპირატესობა საპრემიერო ფილმებს ენიჭება.