ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენ წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.