აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიხსნა

© Department of Tourism and Resorts of Adjara გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი
 გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარა ეკოტურიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. აჭარაში ორშაბათს, 2 სექტემბერს, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების უკვე ტრადიციად ქცეული საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუცხადეს.

ფესტივალი 2012 წლიდან ტარდება და მისი მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა. მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.

ფრინველებზე დაკვირვება - მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ სფეროში აჭარას დიდი გამოცდილება აქვს.

„აჭარას, რომელიც ცნობილია, როგორც „აღმოსავლეთ შავი ზღვის მიგრაციული დერეფანი“, ყოველწლიურად გადაუფრენს ერთ მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი. შედეგად, რეგიონი ითვლება ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დერეფნად და მსოფლიოში მესამე ადგილზე დგას“, -აღნიშნავენ დეპარტამენტში.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად აჭარას ქართველი და უცხოელი ორნიტოლოგები სტუმრობენ. საპატიო სტუმრებს შორის არიან - მსოფლიოში უმსხვილესი ეკოლოგიური ტურიზმის გამოფენის Birdfair-ის ორგანიზატორი ტიმ ეპლტონი, შუა აზიისა და კავკასიის ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი, ასევე ბლოგერი და ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი.

ტრადიციულად, ფესტივალის მსვლელობისას პროფესიონალი გიდები და ექსპერტები ატარებენ შემეცნებით-გასართობ ექსკურსიებს ტერიტორიებზე, რომლებიც ითვლება ფრინველებზე დაკვირვების ერთ-ერთ ყველაზე კარგ ლოკაციად მსოფლიოში. ესენია მდინარე ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ნავსადგური.

ფესტივალის პირველ დღეს სტუმრებს, რომლებიც მიგრაციაზე დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩაუტარეს შემეცნებითი ტური ქობულეთის რაიონის სოფელ სახალვაშოში სადამკვირვებლო პლატფორმასთან. მათ ფრინველებზე დაკვირვების საქმეში რეგიონის პოტენციალი გააცნეს.   

ექსკურსიების გარდა იმ ადგილებში, სადაც ფრინველები იბუდებენ, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თემატური სემინარები და პრეზენტაციები, რომლებზეც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთმანეთს გაუზიარებენ ფრინველთა გარკვეული სახეობების შენარჩუნებისა და დაცვის გამოცდილებას. ფესტივალი 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0