თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 ადამიანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 პაციენტიდან რვა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა გადაყვანილი, სამი – საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფოში, ორი – ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი პაციენტი „პინეოში“ გადაიყვანეს, სამი კი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადმოყვანილი იქნა რვა პაციენტი, რომლებსაც ჩაუტარდათ გამოკვლევები და გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. ამ პაციენტებისგან ხუთი უკვე გაწერილია და სამი აგრძელებს მკურნალობას ჩვენს კლინიკაში. ამ სამი პაციენტიდან ორი იმყოფება რეანიმაციაში, ხოლო ერთი რჩება მიმღებში და არის ექიმების დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ანო გოგიჩაძემ.
დაშავებულთა შორის 17 პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ორი საქართველოს, ერთი კი – აზერბაიჯანის.
ასევე, ერთმა მგზავრმა დღეს თავად მიმართა მარნეულის კლინიკას გულ-მკერდის არეში ტკივილების ჩივილით. პაციენტს კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულება დატოვა.
ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.
ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს >>
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.