თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბრალდებული ბიზნესმენის ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესმენისთვის 500 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შესახებ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საქმე ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის" საბანკო ოპერაციის მეშვეობით 17 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ავთანდილ წერეთლის კუთვნილი კომპანიების – „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი М"-ის დახმარებით. ამჟამად ამ კომპანიების წილს მისი ვაჟი ვახტანგ წერეთელი ფლობს, რომელიც TV Pirveli-ს დამფუძნებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 აგვისტოს წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.
ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, სარჩელი ეხება როგორც გირაოს შეფარდებას, ასევე გამოძიებასთან შეუთანხმებლად ქვეყნის დატოვების აკრძალვას. დაცვის მხარე მოითხოვს, რომ წერეთლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ორივე ღონისძიება გაუქმდეს.
„არ არსებობს ავთანდილ წერეთლის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი. ასევე ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ ბრალდების აღწერილობის ნაწილი არ შეესაბამება იმ დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს", – აღნიშნა ადვოკატმა.
ადრე იმავე საქმეზე ბრალდება წაუყენეს ბიზნესმენის მეგობრებს – „თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს და მის ბიზნეს-პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს, რომლებსაც გირაოს სახით თითოეულს 700 ათასი ლარი შეუფარდეს.
ავთანდილ წერეთელს გირაოს გადასახდელად ორკვირიანი ვადა განესაზღვრა, თუმცა, როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, იგი აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს.
სისხლის სამართლის საქმის დეტალები
2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში.
პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.