თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. არასრულწლოვანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ინციდენტი თბილისში, პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მოხდა. ქალმა სამი წლის ბავშვს სახის არეში დაზიანებები ბასრი საგნით მიაყენა. თავდასხმის დროს ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელი ქალი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული 51 წლის ქალი დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. ის დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებულის უფლებებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი ნათია პაჭკორია იცავს.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.