თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ახალ სეზონზე მოსკოველებს ახალი სპექტაკლის პრემიერა ელოდებათ, რომლის რეჟისორი რობერტ სტურუაა. Et Cetera-ს მთავარმა რეჟისორმა, როგორც ყოველთვის, მომავალი დადგმით ყველა დააინტრიგა.
Et Cetera-ს დასის ტრადიციულ შეკრებაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრ კალიაგინმა და რობერტ სტურუამ 27-ე სეზონის პრემიერებსა და გასტროლებზე ისაუბრეს.
რობერტ სტურუამ ახალი სპექტაკლის იდეის შესახებ მოკლედ ისაუბრა. რეჟისორის თქმით, ახალ სპექტაკლზე მუშაობას ის 2020 წლის იანვარში დაიწყებს.
სპექტაკლის დასახელება და სიუჟეტი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დადგმას საფუძვლად დაედება გერმანელი რომანტიკოსი მწერლის ერნსტ თეოდორ ჰოფმანის რამდენიმე ნაწარმოები.
ახალ სეზონს ასევე სტურუას გახმაურებული სპექტაკლი „რევიზორი. ვერსია“ გახსნის, რომელიც გოგოლის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა.
თეატრ Et Cetera-ს მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა 2011 წელს გახდა, როდესაც ალექსანდრ კალიაგინის მიწვევა მიიღო. მოსკოველმა მაყურებელმა რეჟისორს მაშინვე „თეატრალური ფიროსმანი“ უწოდა.