თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 26-29 აგვისტოს, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 26 და 28-29 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 აგვისტოს დღისით გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა კი +30, +32 გრადუსს მიაღწევს.
ამ დღეებში სინოპტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოში და, მათ შორის, მთიან რეგიონებში ტემპერატურა მოიმატებდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისგან მიღებული ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე მთებში მოსალოდნელია თბილი მასების გავრცელება. თუმცა ყაზბეგში მოთოვა, ხოლო თბილისში უქმეებზე წვიმდა და არც ისე ძალიან ცხელოდა, როგორც ამაზე სინოპტიკოსები გვაფრთხილებდნენ.