თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
თბილისში ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო. მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის კუთხიდან ატენის ქუჩამდე, ტრანსპორტი კი ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართდა.
კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მთლიანად დასრულებულია.
„მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ეს არის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, წყლის ახალი მილები, სანიაღვრე სისტემა. დღეიდან იწყება სამუშაოების მეორე ნაწილი. მოეწყობა და მოწესიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის, რადიკალურად განსხვავებული იქნება ჭავჭავაძის გამზირი", – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, 15 სექტემბრიდან ავტომობილით გადაადგილება უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე იქნება შესაძლებელი. შუა ნაწილში მოეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა საზოგადობრივი ტრანსპორტისთვის, ასევე გაგრძელდება გამწვანების სამუშაოებიც, რაც წლის ბოლომდე დასრულდება.