თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ცნობილი გერმანული პროგრესივ-მეტალ-ჯგუფი The Ocean Collective თბილისში 7 სექტემბერს გამართავს კონცერტს, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Locomotive Promotion.
კონცერტი RedRum Festival-ის ფარგლებში გაიმართება. გერმანულ კოლექტივთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან როკ-ჯგუფი თელ-ავივიდან (ისრაელი) Storchi და ქართული ბენდი The Black Marrows.
ფესტივალის სპეციალური სტუმარია ქართული მუსიკალური ჯგუფი Backwarmer, რომელიც ქალაქური როკის სტილში უკრავს და რომელიც დიდი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდება სცენაზე.
რაც შეეხება The Ocean-ს, ჯგუფი 2000 წელს დააარსა გერმანელმა გიტარისტმა რობინ სტაპსმა. როგორც ორგანიზატორები წერენ, ეს არის პროგრესივ მეტალის, პოსტ-მეტალის, სლაჯ-მეტალის, ავანგარდის ოსტატური სინთეზი, რასაც „საოცრად ატომსფერული და ამვდროულად ფეთქებადი ენერგიით აღსავსე ლაივები“ ემატება.
The Ocean საქართველოს დიდი ტურის Siberian Traps-ის ფარგლებში ეწვევა. ტური მოიცავს რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, იაპონიასა და სხვა ქვეყნებს.
RedRum FESTIVAL – შვედური კომპანია TerrorCrew Promotions-ისა და ქართული Locomotive Promotion-ის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიცაა ქართველი შემსრულებლების პოპულარიზაცია საერთაშორისო არენაზე.