თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე თავის კარიერაში პირველად „დიდი სლემის“ ტურნირის - US Open-ის - ძირითად ბადეში მოხვდა.
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში 21 წლის ბოლქვაძემ, რომელიც WTA-ს რეიტინგში 202-ე ადგილს იკავებს, სამ სეტში ჩინეთის წარმომადგენელ შილინ ქსუს (215) მოუგო - 6:4, 2:6, 6:4. მატჩი ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
პირველ ორ საკვალიფიკაციო რაუნდში ქართველმა მოუგო ბრიტანელ ჰითერ უოტსონს (Heather Watson) (6:4, 6:2) და სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს – (2:6, 6:2, 7:5).
ბოლქვაძე გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი ქალი 2014 წლიდან, რომელიც „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. ხუთი წლის წინ „როლან გაროსზე“ ეს სოფია შაფათავამ მოახერხა.
US Open-ზე ბოლქვაძის პირველი მეტოქე გახდება ამერიკელი ბერნარდა პერა, რომელიც უძლიერეს ჩოგბურთელ ქალთა სიაში 69-ე ადგილს იკავებს.
ამგვარად, US Open-ის ძირითად ბადეში ითამაშებს საქართველოს ერთბაშად სამი წარმომადგენელი: მარიამ ბოლქვაძე ქალთა ინდივიდუალურ თანრიგში, ოქსანა კალაშნიკოვა - წყვილებში და ნიკოლოზ ბასილაშვილი მამაკაცთა ინდივიდუალურ თანრიგში.
US Open „ფლეშინგ მედოუზის“ კორტებზე 26 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 28 მილიონ 619 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.