თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45000 ლარად ღირებულ MAZ-ის მარკის ავტომანქანას. გ.ც.-მ ავტომანქანა გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში 7000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.
პოლიციამ შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან MAZ-ის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 -ე ნაწილის „ბ" და " გ" ქვეპუნქტით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.