თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ქართველი ტრანსცენდენტალური მხატვრის, რომანოზის (ROMANOZ) მიერ ტილოზე შესრულებული სამი ნამუშევარი დღეს საჰაერო ბურთისა და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ბათუმიდან სტრატოსფეროში გაუშვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნამუშევარი 30-დან 45 კილომეტრამდე სიმაღლეს მიაღწევს და მის გადაადგილებას ვიდეოთვალი დააფიქსირებს. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მას ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.
„ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, სწორედ ეს გვინდოდა გვეთქვა ამით“, – განაცხადა მხატვარმა.
ნახატის გაშვებაზე ახალგაზრდა ტექნიკოსების, მხატვრებისა და რეჟისორების ჯგუფი მუშაობდა. მოგზაურობა სტრატოსფეროში დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელიც ოქტომბერში გამოვა.
სტრატოსფეროში გამოფენილი ნამუშევარი, სავარაუდოდ, ბახმაროს მთებში უნდა დაეშვას, თუმცა, შესაძლებელია ტრაექტორია შეიცვალოს.
პროექტი ბათუმში პრინტფესტივალის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება.