ჩავარდნილი ტურისტული სეზონი: დაზარალებულებს კრედიტების დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარება

© Sputnik / Murad Orujovბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანადაფინანსების ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო სესხის დასაფარად სირთულეები შეექმნათ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აჭარაში ტურისტული სეზონის ჩავარდნით დაზარელებულ მოქალაქეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის ან რემონტის მიზნით სესხები ჰქონდათ აღებული, სახელმწიფო დაეხმარება, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

პლაჟი - Sputnik საქართველო
ტურისტული სეზონი ჩავარდა: ქობულეთში სასტუმროების მფლობელები მიტინგს აწყობენ

ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, რამდენიმე დღეში ამოქმედდება პროექტის „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში. 

თანადაფინანსების ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის,  რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო სესხის დასაფარად სირთულეები შეექმნათ. 

სახელმწიფო 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაფარავს მეწარმეებისთვის ლარში გაცემულ სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ს, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში კი 70%-ის თანადაფინანსება მოხდება. 

თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის გაფართოების, აღჭურვის ან რემონტისთვის მიზნობრივი სესხი 2019 წლის 30 ივნისამდე აქვთ აღებული. ამასთან, სასტუმრო უნდა მოიცავდეს 4-დან 20-მდე ნომერს.

მანამდე ქობულეთის მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას საბანკო ვალების გასტუმრებაში დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ვალის გადახდას ვეღარ ახერხებენ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ივლისის მონაცემებით, ზარალმა ტურიზმის სფეროში 60 მილიონ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ივლისში ტურიზმის შემოსავლები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13,3 პროცენტით შემცირდა.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიაფრენები 8 ივლისიდან აკრძალა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ რუსეთი ლიდერობდა და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0