ხალვაშმა გადაწყვიტა ტელეკომპანია დაიტოვოს: „რუსთავი 2“ არ გაიყიდება

გამოწერა
ახალმა მფლობელმა პირობა დადო, რომ ტელეკომპანიას მომგებიანს გახდის

 

თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. რეიტინგული ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა კომპანიის გაყიდვა გადაიფიქრა.

ხალვაშმა ტელეკომპანია 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. მალევე თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც, ხალვაშის აზრით, „რუსთავი 2“-ს მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა.

გასულ კვირას ხალვაშმა განაცხადა, რომ კომპანიის 100%-ის აუქციონზე გაყიდვას გეგმავდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

როგორც ხალვაში თავის განცხადებაში წერს, ორშაბათს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც მან იმისათვის განსაზღვრა, რათა „რუსთავი 2“-ის გასხვისებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო.

 „ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი, ან ვცადო მისი გადარჩენა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას. „რუსთავი 2“ უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გამოქვეყნებულ ხალვაშის განცხადებაში.

როგორც ტელეკომპანიის მფლობელი აცხადებს, მას ბიზნესსაქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებისთვისაც ტელეკომპანიის ინტერესები მნიშვნელოვანია, იგი პრობლემების დაძლევას შეძლებს. 

 Rustavi2 - Sputnik საქართველო
ვნებები „რუსთავი2"-ის ირგვლივ: კიწმარიშვილი ტელევიზიის ქონების დაყადაღებას მოითხოვს

 „ამასთან ერთად, ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ტელეკომპანიის დავალიანება 70 მილიონ ლარს აჭარბებს.

ხალვაში დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში „რუსთავი2“ იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო ჟურნალისტები - რეალურად დამოუკიდებელი და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი.

 „უახლოეს მომავალში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კომპანიის გასაჯანსაღებლად, რომელიც აუცილებლად განხორციელდება და ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწევთ“, - ხაზს უსვამს ხალვაში.

ნიკა გვარამია ახალი ტელეკომპანიის დირექტორი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა>>>

1994 წელს დაფუძნებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

 „რუსთავი 2“-მა მფლობელები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, 18 ივლისს გამოიცვალა. ახლა ხალვაშს არხის 60%, მის კომპანია „პანორამას“ კი 40% ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0