თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო თვითმხილველის მიერ მიწოდებულ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ტაძრის ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული სათავსო, რომელიც ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.
„უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფელ ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრება. მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი, რომლის განმარტებით, აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლენის ხარისხს შეისწავლის და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ტაძარი ქართული მოვარდისფრო აგურითაა ნაგები. ეკლესია თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერაა აგებული.
ტაძრის მოხატულობა 1205-1216 წლებით თარიღდება. ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. 2000-2006 წლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ფრესკებს გაწმენდისა და გამაგრების სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. რესტავრაციის შემდეგ ამავე ცენტრმა ღვთისმშობლის ტაძარზე ჩატარებული პროექტი წარადგინა ევროგაერთიანების კულტურული მემკვიდრეობის პრიზზე – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოზე, რის შედეგადაც პროექტმა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.