თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის შეზღუდვა 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისად, დაწესდება მოძრაობის შემდეგი განრიგი, კერძოდ:
– მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით, შესაბამისად ისინი მოძრაობას პირდაპირ, გვირაბის გავლით გააგრძელებენ, საიდანაც ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე;
– მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ვერ იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩაზე (იუსტიციის სახლთან ასასვლელი პანდუსით) თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მძღოლებმა მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად მოძრაობა უნდა გააგრძელონ მარჯვენა სანაპიროზე და ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარცხენა სანაპიროზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.