თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.
ბახტაძის თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. მისი თქმით, პროგრამაში ჩართვის სურვილი, რომელშიც მანამდე ძირითადად პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველი ჯგუფები მონაწილეობდნენ, ვეტერანებმაც გამოთქვეს; ხელისუფლებამ კი გაითვალისწინა მათი თხოვნა.
„ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები”, — აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხისადმი, ვინც „სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებასა და თავისუფლებას“.
გარდა ამისა, პრემიერმა ასევე ისაუბრა დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამის დაწყების შესახებაც.
„ვიწყებთ ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას ჩვენი დევნილი ვეტერანებისთვის. ეს ბინები აშენდება ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისში წლის ბოლომდე 60 დევნილ ვეტერანს გადაეცემა ბინები, ხოლო მომავალ წელს, ჩვენი ვეტერანი სამხედროები 120 ბინით დაკმაყოფილდებიან“, — განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დევნილ ვეტერანებს 60 ბინა გადაეცემათ ქუთაისში, ხოლო მომავალ წელს — კიდევ 60−60 თბილისსა და ზუგდიდში.