თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისში სასმელი წყალი სუფთაა და მისი დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება, იუწყება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.
სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის შემოწმებას.
2018–2019 წლებში სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა სასმელი წყლის 63 სინჯი აიღეს, რომლებიც აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
„თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს“, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
როგორც ადრე წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ში (GWP) „Sputnik საქართველოს“ განუცხადეს, თბილისი მსოფლიოს იმ ქალაქებს შორისაა, სადაც წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება, იმისთვის კი, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის 24–საათიან რეჟიმში სუფთა წყლის მიწოდება მოხდეს, წყლის ხარისხი ყოველ საათში მოწმდება.
თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყაროებია მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია, მათ შორის, მუხრანის ველის წყალსადენი, ნატახტრის, ბულაჩაურის და სხვა წყალსადენები.
წყლის ხარისხის ლაბორატორიული მონიტორინგი დედაქალაქის 373 წყალსადენზე ტარდება.