მითები კვების შესახებ: რომელი კვერცხია უკეთესი - თეთრი თუ ყავისფერი ნაჭუჭით?

© Pixabay / bluebudgieთეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში
თეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, დავამსხვრიოთ მითი კვერცხზე და გავიგოთ, რეალურად რომელი კვერცხია უფრო სასარგებლო ორგანიზმისთვის - თეთრი ნაჭუჭით თუ ყავისფერი შეფერილობით? ხალხს სჯერა, რომ თეთრი ფერის კვერცხი ფერმის ქათმისაა, ხოლო ყავისფერი შეფერილობის კვერცხებს სოფლის ქათმები დებენ და აქედან გამომდინარე, უფრო სასარგებლოა.

ქათმის კვერცხი ადამიანისთვის იდეალურ საკვებად ითვლება. მის შემადგენლობაში ოპტიმალურად არის დაბალანსებული ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები A, B, D, E და მინერალური ნივთიერებები, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია. 

რაც შეეხება კვერცხის ნაჭუჭს, კვერცხის სარგებლიანობა მის  ფერზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ, რომ თეთრი და ყავისფერი კვერცხი ერთმანეთისგან ხარისხით არ განსხვავდება. მკვლევარებმა ვერ მოახერხეს მათ კვებით ღირებულებას შორის დიდი განსხვავების პოვნა. უმრავლესობა თვლის, რომ სხვაობა არც არის.

საქმე ისაა, რომ კვერცხის ზომა და  ნაჭუჭის ფერი დამოკიდებულია ქათმის ჯიშზე.  თეთრბუმბულიანი  ქათმები თეთრ კვერცხებს დებენ, ყავისფერბუმბულიანები კი - ყავისფერს. ნაჭუჭს ყავისფერ შეფერილობას პიგმენტი - პროტოპორფინი აძლევს , რომელიც  ნაჭუჭის ფორმირების პროცესში სინთეზირდება.

ნაჭუჭის ფერზე ნაწილობრივ გავლენას ახდენს ფრინველის რაციონიც, თუმცა ეს არ აისახება მის ხარისხზე.

სინამდვილეში, თეთრბუმბულიანი  ქათმების გაზრდა უფრო იაფი ჯდება, რადგან მათ ნაკლები კვება სჭირდებათ, სწორედ ამიტომაც ვხედავთ მაღაზიის თაროებზე უფრო მეტ თეთრ კვერცხს, ხოლო ყავისფერი კვერცხები უფრო იშვიათი და ძვირია.

კვერცხის  ნაჭუჭის სიმაგრე და სისქე სრულიად იდენტურია თეთრ და ყავისფერ კვერცხებში. ნაჭუჭის სიმაგრე დამოკიდებულია მხოლოდ ქათმის ასაკზე და არა მის შეფერილობაზე. როგორც წესი, ახალგაზრდა ქათმები უფრო მაგარი ნაჭუჭის მქონე კვერცხებს დებენ, ვიდრე ხანდაზმულები.

რაც შეეხება კვერცხის გულს, შესაძლებელია, სხვადასხვა ფერის კვერცხის გულის  გემო და ფერი განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რით იკვებება ქათამი. არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის ბუმბული აქვს ქათამს, თუ ისინი ერთნაირად გამოვკვებეთ, კვერცხის გულის ფერი და გემო ერთნაირი იქნება. მაგალითად, როცა საკვებში ურევენ ნივთიერებებს, რომლებიც მდიდარია კაროტინით  (ბუნებრივი საღებავი ნივთიერება), ქათამი დებს ღია სტაფილოსფერი ყვითრის მქონე კვერცხს.
აქედან გამომდინარე, მუქი, სტაფილოსფერი შეფერილობის არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს წინაშე აუცილებლად სოფლის დედლის კვერცხია. ამიტომ  მაღაზიაში კვერცხის შეძენისას არ ღირს ყურადღების გამახვილება მის ფერზე - მთავარია კვერცხი იყოს ახალი და დაუზიანებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0