უძველესი ქართული სოფლის აღდგენა 2020 წელს დაიწყება

გამოწერა
პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად გამოცემა „მთის ამბებმა“ კამპანია 24 ივლისს დაიწყო და სოფლის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიცია შექმნა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ამღის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუცოში ყოფნის დროს. 

ციხე-სოფელი მუცო - Sputnik საქართველო
მუცოს რესტავრაციის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო დაიმსახურა

„ეს არის მართლაც საოცარი ადგილი, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ, უკვე, მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამღაში აღდგება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად გამოცემა „მთის ამბებმა“ კამპანია 24 ივლისს დაიწყო და სოფლის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიცია შექმნა. პეტიციას  ერთ დღეში ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ის საქართველოს მთავრობას წარედგინა განსახილველად.

ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 

რაც შეეხება მუცოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ დახმარებით იქ უკვე 16 კოშკია აღდგენილი. 

„ეს იყო 5 წლიანი პროგრამა, უახლოეს მომავალში დასრულდება და მე მსურს ყველა ქართველს მოვუწოდო, რომ  აუცილებლად ჩამოვიდეს მუცოში. ეს არის უნიკალური ადგილი და სიტყვებით წარმოუდგენელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს არის სიამაყის საგანი მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც „ყველაზე ძვირფასი, ჩვენი მთა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურული ძეგლები“ შეინარჩუნეს.

„მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობის, რითაც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს და მე მსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს“, - თქვა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაწყებულია, უმოკლეს ვადებში დასრულდება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0