თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ბევრ რაიონსა და სოფელში გზის მშენებლობა მიდის იქ, სადაც გზები არასდროს ყოფილა გაყვანილი, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
ამჟამად საერთაშორისო მაგისტრალების მონაკვეთებზე 140 კილომეტრი საერთო სიგრძის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, მიმდინარეობს 500 კილომეტრი საერთო სიგრძის მქონე შიდასახელმწიფოებრივი გზების განახლება. ამ სამუშაოებზე ცხრა ათასზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული.
ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები ჯერ არ ჰქონია.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2019 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 20%-ით არის გაზრდილი. პრემიერმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლების გამყარება. მისი თქმით, ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება და აქედან გამომდინარე, მთავრობას ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაოების მასშტაბი ასე გაიზარდა, სამინისტრომაც ძალიან დიდი საქმე გასწია, როდესაც ბევრი პროცედურული საკითხის შეცვლა დაგეგმა და განახორციელა ძალიან წარმატებით. ჩვენ სხვანაირად ვერ მივაღწევდით ამ ტემპებს", – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა მან საერთაშორისო პარტნიორების, დონორებისა და კონტრაქტორი კომპანიების მიმართ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა „ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტები რაც შეიძლება ხარისხიანად და მოკლე დროში დავასრულოთ".
რა სტადიაშია რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა: ქარსელაძის კომენტარი>>
წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეკორდული თანხა - 1,5 მლრდ ლარია გამოყოფილი.
2012 წელთან შედარებით, გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი სამნახევარჯერ არის გაზრდილი.