თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. არის მოლოდინი, რომ ლარის კურსი სტაბილური გახდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ლარის კურსი დოლართან მიმართებით 20 ივნისიდან 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2,7871 იყო, 1 აგვისტოს ამ მაჩვენებელმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია - 2,9718.
ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგად ლარი 1,4%-ით გამყარდა, თუმცა ლარის გაცვლითმა კურსმა 8 აგვისტოდან კვლავ ვარდნა დაიწყო - 2,9338 GEL/$. 12 აგვისტოს ლარის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებით არის 2,9360 GEL/$1.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება", - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა ეროვნული ვალუტის კურსის მიმართ ოპტიმიზმის რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
„ზოგადი ეკონომიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი საკმაოდ მაღალ დონეზეა, მიმდინარეობს კარგი სავაჭრო დინამიკა დეფიციტის თვალსაზრისით და ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბახტაძემ.
მისი ინფორმაციით, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ასევე, ეროვნული ბანკის ანალიზის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებას.
ლარი ვარდნას განაგრძობს: მთავრობას ეროვნული ბანკის სჯერა>>
უფრო ადრე პრემიერმა განაცხადა, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურდა და ამას ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნეგატიურმა ფონმა და, შესაბამისად, ნეგატიურმა მოლოდინებმა, რაც ამ ფონმა გამოიწვია.
საიდან დაიწყო ყველაფერი
როგორც ექსპერტები აცხადებენ, პოლიტიკურმა სიტუაციამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ნეგატიური მოლოდინების გამო ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უცხოური ვალუტის აუცილებლობის გარეშე შესყიდვა დაიწყეს.
თბილისში საპროტესტო აქციები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 20 ივნისს დაიწყო. 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქცია არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
მას შემდეგ აქცია პარლამენტის წინ ყოველდღიურად გრძელდება. შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში წამომსვლელთა განაცხადების მიღება შეაჩერეს. რუსი ტურისტები ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილს იკავებდნენ. უფრო ადრე საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შედეგად ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.