ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს შეუფარდა გირაო და სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე, ქვეყნის საზღვრის დატოვება აუკრძალა

თბილისი, 11 აგვისტო − Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

პროკურატურამ პარასკევს საღამოს ნიკა გვარამიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა - მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. გამოძიების მონაცემებით, გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია: „ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“

ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.

როგორც ნიკა გვარამიამ არაერთხელ განაცხადა, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. გირაოს გადახდის ვადა 30 დღეს შეადგენს. სასამართლომ უკვე განაცხადა, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება უფრო მკაცრით - პატიმრობით შეიცვლება.

რაში ადანაშაულებენ ნიკა გვარამიას? >>

ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0