ბათუმის ბულვარმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა

გამოწერა
ფესტივალი მიზნად ისახავდა მეფუტკრეობის დარგში აჭარის, როგორც წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას, ასევე  მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობას

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა, იუწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა მეფუტკრეობის დარგში აჭარის, როგორც წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას, ასევე მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობას.

ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს პროდუქციის დაგემოვნებისა და შეძენის საშუალება ჰქონდათ.

„მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ წარმოებას. განსაკუთრებით მეფუტკრეებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ისინი ამყარებენ ახალ კონტაქტებს, ეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს. გასაღების კუთხითაც მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები და ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, როგორც ჩვენი წარმოების განვითარებას, ასევე დაეხმარება ფერმერებს გასაღების ბაზრების მოძიებაში“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერკლასები.

თაფლის ფესტივალს ზაფხულის სეზონზე ბათუმი უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

ყველა ახალი ამბავი
0