თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 369 ადამიანს გამოუვლინდა, სულ ქვეყანაში 7,8 ათასზე მეტი აივ-ინფიცირებულია რეგისტრირებული, ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ვებგვერდზე.
7,8 ათასი ინფიცირებულიდან 5,8 ათასი მამაკაცია, დაახლოებით 2000 - ქალია. პაციენტების ასაკი 29 წლიდან 39 წლამდე მერყეობს.
შიდსით დაავადებულია 4,2 ათასი პაციენტი, გარდაიცვალა დაახლოებით 1600 ადამიანი.
რაც შეეხება დაავადების გადაცემის გზებს, ყველაზე ხშირია დაუცველი სქესობრივი კონტაქტი.
დაავადების გადაცემის გზები | ინფიცირებულთა პროცენტი |
ჰეტეროსექსუალური კონტაქტით | 47,3% |
ინექციური ნარკომანია | 38,9% |
ჰომო- და ბისექსუალური კონტაქტით | 11,3% |
ცენტრის მონაცემებით, ამ დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში ფიქსირდება.
რეგიონი | ინფიცირებულთა რაოდენობა |
თბილისი | 2,8 ათასი |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 1,1 ათასი |
იმერეთი | 943 |
საქართველოში აივ-დაინფიცირების პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი შეახსენებს მოსახლეობას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-შიდსზე ტესტი და კონსულტაცია უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.