თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მფლობელის, ვახტანგ (ვატო) წერეთლის 8 აგვისტოსთვის დაგეგმილმა გამოკითხვამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიწვია გარკვეული კითხვები და ეჭვები პოლიტიკოსებში, რომლებმაც ამაში ტელეარხისადმი ხელისუფლების ინტერესი დაინახეს.
წერეთლის გამოკითხვა ეხება წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს - ფულის გათეთრების შესახებ, რომელშიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაკვირვებისას პროკურატურას აქვს სრული საფუძველი ტელეარხის მფლობელის გამოსაკითხად.
საქმის სისხლის სამართლებრივი აქცენტი
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვატო წერეთელი არის „სამგორი ტრეიდის“ 50%-იანი წილის და „სამგორი მ“-ის 20%-იანი წილის მფლობელი. 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“ ამ კომპანიებს დაახლოებით 16 754 000 დოლარის კრედიტი მისცა.
იმავე დღეს ეს თანხა გადაირიცხა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა გარე ბალანსზე.
ბანკს არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“. „თიბისი ბანკმა“ ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ >>
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
პარალელურად, „თიბისი ბანკი“ პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.
პოლიტიკური ქვეტექსტი
მიუხედავად წერეთლის გამოკითხვის აშკარა სამართლებრივი ქვეტექსტისა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ამაში გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი დაინახა.
„ეს არის პირდაპირ შტურმი „ტვ პირველზე“. სწორედ ამას ემსახურება, რომ ვატო წერეთელი დაბარებულია დაკითხვაზე. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ტელევიზიაზე, ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა არის, რომ მთლიანად მოასუფთავოს საინფორმაციო ველი 2020 წლისთვის“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მას ეთანხმება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე.
„ამ არხზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აღარ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა შედის ძალიან ღრმა პრობლემაში და ეს პრობლემა შეიძლება, დასრულდეს ძალიან სერიოზული აფეთქებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.
„მედიის თავისუფლება ჩვენთვის არის ფუნდამენტური. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედია, ობიექტური ჟურნალისტიკა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, საქართველოში გავაუმჯობესოთ დემოკრატიის ხარისხი, განვაგრძოთ დემოკრატიული რეფორმები. შესაბამისად, ბუნებრივია, ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს იმ მიმართულებით, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ საქმიანობა და გარანტირებული იქნება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
„ნაქირავებში ვცხოვრობ და მეგობრის ნათხოვარი მანქანით დავდივარ...“ - ნიკა გვარამია >>
ამასთან მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს იბარებენ პროკურატურაში, მან მის კითხვებს უნდა უპასუხოს.