თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის ხელისუფლება მოსკოვის გამზირის სახელის გადარქმევის საკითხზე მუშაობს, განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ პირველი არხის ეთერში.
„გიდასტურებთ, რომ აღნიშნული საკითხი არის განხილვის საგანი, არის დღის წესრიგში. როცა გადაწყვეტილება მიიღება, ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მოსკოვის გამზირი ქალაქის ძველ სამრეწველო ზონაში მდებარეობს, ოდესღაც დიდი ქარხნების რაიონში. გამზირისთვის სახელის შეცვლის წინადადება არაერთხელ გაჟღერდა. იყო სხვადასხვა ვარიანტები - „სოხუმის გამზირი“, „საქართველოს გამზირი“ და ა.შ., მაგრამ ბოლო დრომდე დედაქალაქის ხელისუფლება გამზირისთვის სახელის შეცვლისგან თავს იკავებდა.