ზაფხული დიდი ხანია დადგა. უკვე, შუა ზაფხულიც აღარ ეთქმის... ორი თვე გავიდა და დღეს შვებულებიდან დავბრუნდი. ყველა ხომ გარბის ქალაქიდან, ჰოდა მგონი ჩემი გაქცევის დროც მოვიდაო ვიფიქრე და ორი კვირა ბათუმში გავატარე.
თბილისიდან გაქცევა თავისთავად ნიშნავს, გაქცევას ტელევიზორისგან, 14 სართულიანი კორპუსების ხედებისგან, მობილური ტელეფონისგან, დედლაინებისგან და ათასგვარი ყოველდღიური ორომტრიალისგან.
მოკლედ გავიქეცი და სანამ აეროპორტამდე მივიდოდი ერთ ასეთ ფრაზას მოვკარი ყური - „გაივსო სოფლები ჩამოთრეული თბილისელებითო“-ო. გულიანად გამეცინა - მივედი...
მგზავრობა
ისე თქვენც გირჩევთ, თუ ძვირფასი შვებულების, ძვირფასი საათების დაკარგვა მგზავრობაში არ გსურთ და ფინანსებიც გიწყობთ ხელს, ავიაგადამზიდებს მიმართეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში თვითმფრინავით მგზავრობაც შეგიძლიათ ყოველ დღე. ბილეთის საფასური 175 ლარიდან იწყება.
ზოგიერთი ბათუმში ჩასვლას ავტობუსით ამჯობინებს, რომლით მგზავრობის ფასიც 25 ლარია, ხოლო თუ მიკროავტობუსით ან მინივენით მგზავრობას გადაწყვეტთ, ამაში 30 ლარს გადაიხდით.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დღის ნებისმიერ მონაკვეთში 02:00 საათამდე შეგიძლიათ.
სასტუმროები
მართალია, ზაფხულში უფრო კეთილები ჩანან ის ნათესავები, რომლებიც ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ თუ არ გყავთ ასეთი ნათესავი, ან მარტო გსურთ დასვენება, სეზონზე საოჯახო სასტუმროში ბინის დღიურად დაქირავება 40 ლარიდან შეგიძლიათ. სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის მუდმივი კლიენტი უფრო მნიშვნელოვანია და ცდილობენ სტუმარს კომფორტული საცხოვრებელი დაბალ ფასში შესთავაზონ. თუმცა ამ ღირებულების ბინები ზღვისგან მოშორებით მდებარეობს. ამ თანხაში, სასტუმროთა უმრავლესობაში საუზმე გათვალისწინებული არ არის და ამისთვის თანხა თავად უნდა დაამატოთ.
ბულვარის სიახლოვეს მდებარე ბინის ფასები შედარებით მაღალია, იწყება 80-90 ლარიდან და 7 ათას 400 ლარამდე გრძელდება.
მათ, ვისაც აქტიური დასვენება სურს, უნდა იცოდნენ, რომ ბათუმი სტუმრებს არა მხოლოდ ზღვით, არამედ გასართობი ადგილების სიმრავლითაც იზიდავს. სხვა ზღვისპირა კურორტებთან შედარებით აქ ფასები მაღალია, თუმცა ვიზიტორების რაოდენობა ქალაქში ყოველთვის ბევრია.
გართობა
მაგალითად ევრო პარკი ზაფხულში ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი ადგილია მთელი ოჯახისთვის. იქ დაგხვდებათ ატრაქციონები წყალზე, აუზი, ბარი და ბევრი გართობა. აუზში წყალი იფილტრება 24 საათის განმავლობაში.
7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესვლა უფასოა, ხოლო 7 წლიდან შესვლის ღირებულება 30 ლარია.
სამუშაო საათები 10:00 - 18:00 საათამდე.
მე ბილეთები უფრო იაფად ფასდაკლების საიტებზე შევიძინე.
დელფინარიუმი - ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა
16:00 საათიანი ბილეთის ფასი - 15 ლარი
19:00 საათიანი ბილეთის ფასი - 20 ლარი
21:00 საათიანი ბილეთის ფასი - 20 ლარი
6 წლამდე ასაკის ბავშვების დასწრება უფასოა
დელფინებთან ცურვა 15 წუთი: 5–დან 16 წლამდე – 150 ლარი, 16 და ზემოთ – 200 ლარი.
ღონისძიებების, რესტორნების, სასტუმროების სანახავად შეგიძლიათ შებრძანდით საიტზე - www.infobatumi.ge და გაეცნოთ რამდენიმე კვირის აფიშას. ყოველ დღე ჩემთვის ეს საიტი ერთგვარი გზამკვლევი იყო.
ამბობენ, ბათუმში ისე ხშირად წვიმს, წვიმაც კი ბათუმელი გგონიაო. წვიმიან ამინდში ადგილობრივებმა მასწავლეს თევზის ბაზარი, სადაც ზღვის პროდუქტების დიდ არჩევანია: მიდიები, კიბორჩხალები, კრევეტები, ზვიგენები და რვაფეხები... ბაზარში მეგობრული გამყიდველების დახმარებით შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და იქვე, რესტორანში თხოვოთ მომზადება. მაგალითად ერთი კიბორჩხალის ფასი 3-5 ლარია, კრევეტის 3 ლარი. მომზადების ღირებულება დამოკიდებულია რაოდენობაზე და ორ ადამიანს საშუალოდ 10-15 ლარი დაგიჯდებათ.
გასეირნება
გემრიელი ვახშმის შემდეგ ყურსასმენებით გასეირნება საყვარელი მუსიკის თანხლებით კარგი იდეაა.
ველოსიპედით ერთ საათიანი გასეირნება - 6-10 ლარი ღირს
პარაშუტი - 100 ლარი
კატერით ზღვაში გასვლა - 50-60 ლარი
გემით საზღვაო გასეირნება - 10 ლარი
სკუტერი კი 60-70 ლარი
აუცილებლად დაგჭირდებათ საზღვაო ნივთები:
საზღვაო ჩანთების ღირებულება 15-25 ლარია
საზღვაო ქუდები ასევე - 15-20 ლარი
საზღვაო ქოში - საშუალო ფასი ქალისა და მამაკაცის საზღვაო ქოშებისათვის 6-დან 15 ლარამდეა
ქალისა და მამაკაცის მზის სათვალეები 15-50 ლარი
საზაფხულო შორტები მამაკაცებისათვის - 15-30 ლარი
საცურაო კამერები 5-50 ლარი
პირსახოცები ზღვის სანაპიროსათვის 15-50 ლარი
შეზლონგის ქირაობა სამი ლარი ღირს, ქოლგის - ერთი ლარი. მზის აბაზანები უფასოა იმდენი, რამდენიც გენებოთ.
ახლა შეგიძლიათ გასაზღვროთ ბიუჯეტი და შოკოლადის ფერი დაბრუნდეთ ბათუმიდან. ბათუმში თავს ნამდვილად იგრძნობთ შოკოლადად - ყველას უყვარხართ. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!