თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თუ ქართველი რკინიგზელები გაიფიცებიან, ეს ავტომატურად გამოიწვევს სომხური რკინიგზის საქმიანობის შეჩერებასაც, იუწყება „Sputnik სომხეთი" სს „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზის" პრეს-მდივან რუბენ გრძელიანზე დაყრდნობით.
საქართველოს რკინიგზა: ხელფასების 50%-იანი მატება შეუსრულებელი მოთხოვნაა>>>
კომპანია "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები საპროტესტო აქციისა და გაფიცვის გამართვას გეგმავენ. ისინი ხელმძღვანელობას ხელფასების 50%-ით გაზრდას თხოვენ. პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 4800-მა თანამშრომელმა. გაფიცვის ზუსტი თარიღი 10 აგვისტოს გახდება ცნობილი.
„სომხეთის რკინიგზა ამ სიახლით შეშფოთებულია, რამდენადაც ქართულ რკინიგზას ალტერნატივა არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა გრძელიანმა.
ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენელი ვერ საუბრობს, ქართველი რკინიგზელების გაფიცვა თუ რა ოდენობის ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს.
ერთი რამ ნათელია: საქართველოში გაფიცვის შედეგად გაჩერდება ერევანი-ბათუმი-ერევნის მატარებელი, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 800 ადამიანი ვერ შეძლებს საქართველოში წასვლას ან სომხეთში ჩასვლას.
თავის მხრივ, კომპანია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების მოთხოვნა არარეალური და პოპულისტურია.
„თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4 800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, ამ ეტაპზე გაფიცვის არანაირი წინაპირობა არ არის. კომპანიის მენეჯმენტი რეგულარულად ხვდება თანამშრომლებს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 2020 1ლის 1 მარტიდან კომპანია გეგმავს ყველა თანამშრომელს, რომელთა ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება, ანაზღაურება 10%-ით გაუზარდოს.
ეს კომპანიას წლიურად, დამატებით, 18-20 მილიონი ლარი დაუჯდება. ეს არის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც ამ მომენტში კომპანიას შეუძლია, ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გარდა ამისა, უკლებლივ ყველა რკინიგზელი საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებულ თანხას მიიღებს.